გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა - პრემიერი

26 მაისი 2021, 14:37 1133 ნახვა

მე მჯერა გიორგი კვინიტაძის კიდევ ერთი ოცნება ნამდვილად ახდება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სამოქალაქო პანაშვიდზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. გიორგი კვინიტაძემ ჩვენი ქვეყანა 1921 წლის თებერვალში დაჭრილ იუნკრებთან ერთად დატოვა და რა სიმბოლურია, რომ 100 წლის შემდეგ ჩვენს სახელოვან გენერალს სამშობლოში, დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული იუნკრები დახვდნენ, მას დახვდა ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი კვინიტაძის ოცნება ახდა, საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოა. 

მაშინაც კი, როცა საქართველოში კომუნიზმის წითელი ტერორი მძვინვარებდა, გენერალ კვინიტაძეს სწამდა და სჯეროდა, რომ მისი სამშობლო თავისუფალი იქნებოდა, რადგან თავისუფლება და მისკენ სწრაფვა ჩვენი ერის სისხლშია გამჯდარი, არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშო ამ ხალხისა მისი სისხლი და ხორცი, ეს არის იმ ადამიანის სიტყვები, ვინც თავად იყო ამ დამოუკიდებელი არმიის ერთ-ერთი შემოქმედი.

თავისი ხალხის შინაგანი ძლიერების თვალსაჩინო მაგალითი და ჩვენი ქვეყნის ღირსეული შვილი. სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ გენერალს სიცოცხლის ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ ქართველთა შინაგანი ბუნება, სულიერი ფასეულობები და სახელმწიფოებრივი ტრადიციები ნამდვილად მოიტანდა ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნებას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში