ფქვილის საწარმოს გაფიცული თანამშრომლები გურიის გუბერნატორს ხვდებიან

26 მაისი 2021, 18:19 828 ნახვა

"დაფასდეს ჩვენი შრომა" - ამ სლოგანით შპს "გურია ექსპრესის" გაფიცულმა თანამშრომლებმა, ოზურგეთის მერიის შენობისკენ მსვლელობა გამართეს, სადაც გურიის გუბერნატორთან და საწარმოს თურქ დამსაქმებელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათივე თქმით, ისინი მთელი დღეა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

კომპანიის იურისტი აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტსა და გურიის გუბერნატორს შორის დღეს შეხვედრა შედგა და საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

ამ დროისთვის "გურია ექსპრესის" რამდენიმე გაფიცული თანამშრომელი და პროფესიული კავშირების გაერთიანების, იმერეთის ბიუროს კოორდინატორი ირაკლი მხეიძე, გურიის გუბერნატორს, გიორგი სახოკიას ხვდებიან.

გაფიცული თანამშრომლების საკითხზე ვითარების გასაცნობად და მენეჯმენტთან მოსალაპარაკებლად ოზურგეთში, გუშინ თურქეთის კონსული ჩავიდა, თუმცა დიპლომატს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

"გურია ექსპრესის" თანამშრომლები უკვე 23 დღეა, გაფიცულები არიან. მათი მოთხოვნა ხელფასის გაზრდა და შრომის ღირსეული პირობებია.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში