გადამწყვეტია ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის - ჯანდაცვის მინისტრი

27 მაისი 2021, 12:08 794 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. სესიის მთავარი თემა პანდემიასთან და საზოგადოებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები იყო. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირებაზე ისაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა გადამწყვეტი ფაქტორია.

''სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ კვლავ მაღალია. საყურადღებოა, რომ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე თავს იჩენს ახალი, უფრო რთული გამოწვევები, რომლებიც პროცესების მართვას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს მზაობის გაძლიერება, როგორც დამოუკიდებლად, თითოეული ქვეყნის, ისე გლობალური ჯანდაცვის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა სახის ახალ საფრთხეებთან მოგვიწევს გამკლავება.

პანდემიის დასაწყისში, პრევენციის ძირითადი შესაძლებლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჰიგიენის გაძლიერებული ღონისძიებები და სოციალური შეზღუდვები იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის.

​თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა. გლობალური რესურსების გაერთიანებით, მათი სამართლიანი (თანაბარი) განაწილებით და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავასრულოთ გლობალური პანდემია” - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში