ვარლამ გოლეთიანი შსს-ს მიერ დაწყებულ გამოძიებას აბსურდულს და უმიზეზოს უწოდებს 

27 მაისი 2021, 14:09 1174 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას აბსურდულს და უმიზეზოს უწოდებს ვარლამ გოლეთიანი.

შსს ინფორმაციით, გუმათში სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. უწყების ცნობითვე, დაზიანებულია პოლიციის მიერ გუმათჰესთან უსაფრთხოების მიზნით განთავსებული რკინის ჯებირები.

''წარმოუდგენელია, რამდენად დიდი ზიანი შეიძლება მიეყენებიათ აქციის მონაწილეებს რკინის კონსტრუქციისთვის შიშველი ხელებით, რომ საამისოდ გამოძიება დაწყებულიყო'' - ამბობს გოლეთიანი. 

მედიაჰოლდინგ ''კვირას'' მიერ გავრცელებულ ფოტოსთან დაკავშირებით კი განმარტა, რომ გიორგი ხვედელიანთან შეხვედრისას მისი პარტიულობის შესახებ არ იცოდა. გავრცელდა ფოტო, სადაც ვარლამ გოლეთიანს ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრი  ესაუბრება. 

''რიონის ხეობის მცველი'' აცხადებს, რომ აქციის მონაწილეებთან მხარდაჭერის მიზნით არა ერთი ადამიანი მიდის და ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა იყო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ შედგა. 

მისი თქმით, არ ახსოვს რა საკითხს შეეხებოდა საუბარი. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში