კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირებული 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა - ამირან გამყრელიძე

27 მაისი 2021, 20:50 1447 ნახვა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამით ინფიცირებული ხუთი პირიდან 2 საქართველოს მოქალაქეა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მათგანის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და არცერთი მათგანი ინფიცირებული არ არის. 

"ხუთი ადამიანიდან ორი საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს აქვს უცხოეთის ქვეყნებში და განსაკუთრებით შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია. შემოსულები იყვნენ საქართველოში მაისის შუა რიცხვებში. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქედან სამმა, რომელებიც უცხოელები იყვნენ დატოვეს ქვეყანა, დანარჩენი ორი - საქართველოს მოქალაქეები შესაბამისად იზოლირებული არიან და მათზე მიმდინარეობს მეთვალყურეობა, არიან სახლის პირობებში, დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ინდური შტამი სპეციფიკური PCR ტესტების საშუალებით დადასტურდა.

"ინდური შტამისა და სხვა შტამების დასადგენად, ჩვენ გვაქვს სპეციფიკური „პისიარ“ ტესტები, რომლებიც მოწოდებულია ჩვენი პარტნიორების მიერ, მაგრამ მათი საბოლოო დიაგნოსტირება ხდება გენომის სეკვენირებით. ამ შემთხვევაში გამოყენებულია როგორც „პისიარ“ ტექნოლოგიები, ისე ხუთივე შემთხვევა დადასტურებულია გენომის სეკვენირებით და გენომში არსებული შესაბამისი მუტაციებით, რომლებიც დამახასიათებელია სწორედ ინდური შტამისთვის“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცოტახნის წინ, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში