რა შეზღუდვა რჩება და რა იხსნება პირველი ივნისიდან

31 მაისი 2021, 10:32 34207 ნახვა

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი ივნისიდან, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში, ისინი ვალდებული იქნებიან, მესამე დღეს განმეორებით ჩაიტარონ PCR-ტესტირება.

გარდა ამისა, 1-ლი ივნისიდან, კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები შაბათ-კვირას დახურულ სივრცეშიც მიიღონ.

ხვალიდან, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

საქართველოში შემოსულ ვიზიტორებს მოეთხოვებათ ჯანმრთელობის დაზღვევა, შეძენილი თავიანთ ქვეყანაში, ან - საქართველოში.

ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, ბანკეტი თუ სხვადასხვა სახის იუბილე. ასევე ღამის საათებში გადაადგილების მხრივ დაწესებული შეზღუდვა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში