17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - ირაკლი კობახიძე

31 მაისი 2021, 13:39 1012 ნახვა

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. კობახიძის თქმით, მმართველ გუნდს აქვს ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია, პასუხი თავად მისგან მოისმინოს.

„ჩვენ ვხედავთ ვინ აპიარებს გიორგი გახარიას. ეს არის ორი ტელევიზია - „ტვ პირველი" და „ფორმულა". აქ არის ყველაფერი ნათელი. ნათლად იკითხება თუ ვისთან არის დაკავშირებული გიორგი გახარია. ეს კიდევ უფრო ამძაფრებს იმ ეჭვებს, რაც არის დაკავშირებული 17-18 თებერვალთან, რატომ ითამაშა მან სააკაშვილის თამაში 17-18 თებერვალს - პირველ რიგში, მას მოუწევს ამ ძალიან მნიშვნელოვან და მძაფრ კითხვაზე პასუხის გაცემა. 17-18 თებერვლის მოვლენები იყო სააკაშვილის თამაშში შესვლა და შემდეგ უკვე მისი გაპიარება "ტვ პირველი" და "ფორმულას" მხრიდან, ეს ყველაფერი ქმნის ლოგიკურ ჯაჭვს და მას ამ კითხვებზე ბუნებრივია მოუწევს პასუხის გაცემა. მან უნდა გასცეს პასუხი მათ შორის კითხვას - რატომ არწმუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას, ჩვენზე აქტიურად, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი მოხსნილი. იმ ექვსმა დეპუტატმაც, რომელიც ახლა სხვა რაღაცებს საუბრობს, ხმა მისცა და მხარი დაუჭირა იმუნიტეტის მოხსნას.

რატომ იყო აქტიური იმუნიტეტის მოხსნის ნაწილში და შემდეგ რატომ ითხოვდა მელიას არ დაკავებას? - ამ კითხვას ხომ უნდა გაეცეს პასუხი, მაგრამ მას ამ კითხვაზე პასუხი ვერ ექნება, რადგან არის პირდაპირი ლოგიკური წინააღმდეგობა მის ქმედებებს შორის - იმუნიტეტის მოხსნის დროს და შემდეგ 17-18 თებერვალს. რა იყო ამ წინააღმდეგობის მიზეზი, ამას ბუნებრივია პასუხი უნდა გაეცეს. გვაქვს ჩვენი ეჭვები, მაგრამ მნიშვნელოვანია პასუხი მისგან მოვისმინოთ.

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ 17-18 თებერვალს გახარაიამ პირდაპირ სააკაშვილის თამაში ითამაშა. რატომ გააკეთა? ნებსით თუ უნებლიეთ? ნებსით თუ უნებლიედ ხდება "ტვ პირველისა" და "ფორმულას" მიერ მისი გაპიარება და ა.შ. ამ კითხვებს მან უნდა უპასუხოს"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში