წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გასულ წელს გვქონდა - ლაშა ხუციშვილი

07 ივნისი 2021, 15:03 847 ნახვა

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გასულ წელს იყო.

მისივე განცხადებით, ეს ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები.

ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ახალი ეკონომიკური რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც და ამ კუთხით მომდევნო პერიოდი უფრო სტაბილური იქნება.

“ლარის კურსის კონკრეტულ ნიშნულთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრო პროგნოზებს არ აკეთებს. ამის კონკრეტული პროგნოზირება არის შეუძლებელი, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახდენს ლარის კურსზე გავლენას. ახალი რეალობა გვაქვს ეკონომიკური მიმართულებით პირველი კვარტლისგან განსხვავებით, როდესაც გაკეთდა პროგნოზები, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა ყოფილიყო 3.5%, ჩვენ ამის მიუხედავად დაგეგმილი გვქონდა 4.3%.

დავიწყეთ საუბარი, რომ ეს პროგნოზები გადაიხილებოდა, ჩვენ ვხედავდით ცვლილებებს დადებითი მიმართულებით, აპრილის თვიდან მოყოლებული პროგნოზებს გადავხედეთ და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გავზარდეთ 6.5%-მდე. ასევე წარვადგინეთ პოზიტიური სცენარის შემთხვევაში რა იქნებოდა ეკონომიკური ზრდა და ეს არის 10%-ზე მეტი მაჩვენებელი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიმდინარე წელს სრულად მოხდება იმ ეკონომიკური კლების კომპენსირება, რაც გვქონდა გასულ წელს. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოს ეკონომიკის აღდგენა მოხდეს იმაზე სწრაფად, ვიდრე ეს იყო ნავარაუდები.

გარდა ამისა, გვაქვს საკმაოდ ბევრი ფაქტორი, რომელიც ამ პროგნოზებს ამყარებს. ეს არის ექსპორტის მიმართულებით დადებითი მაჩვენებელი, დაახლოებით 70%-იანი ზრდა აპრილის თვეში, ფულადი გადმორიცხვების ზრდა 145%-ის ოდენობით. ვხედავთ, რომ ეკონომიკური ზრდა, რომელიც აპრილის თვეში დაფიქსირდა, არ არის ერთი სექტორიდან გამომდინარე, ეს დაფიქსირდა ეკონომიკის ყველა სექტორზე და აღდგენის ნიშანი არის მთლიანად ეკონომიკასთან მიმართებაში. ყველა ეს ფაქტორი და პოლიტიკური სტაბილურობა ხელს უწყობს მოლოდინების და განწყობების გაუმჯობესებას ეკონომიკაში. ამ რეალობის ასახვა ხდება ლარის კურსზეც, თუმცა კონკრეტულად რა წონასწორობის ნიშანი იქნება, ეს მომავალში გამოჩნდება. ვფიქრობ, მომდევნო პერიოდი იქნება უფრო სტაბილური, დიდი მერყეობის გარეშე”, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში