ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია

09 ივნისი 2021, 20:47 1864 ნახვა

ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია. ძირითად დროში გრიგალაშვილი დომინირებდა თუმცა "ოქროს დროში" ბელგიელ მატიას კასესთან იპონით წააგო და მეორე ადგილს დასჯერდა.

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მე-4 საშეჯიბრო დღეს, 81 კგ. წონით კატეგორიაში ორი ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე გამოვიდა.

ტატომ საწყის შეხვედრაში ძინ ლი მუნი 2 წუთსა და 32 წამში იპონით დაამარცხა, რის შემდეგაც შვედ რობინ პაცეკს ვაზარით აჯობა და მერვედფინალში გავიდა. იქ ტატოს მეტოქე ბერძენი ალექსიოს ნტანანციდისი იყო, რომელსაც 50 წამში აჯობა. ქართველმა ძიუდოისტმა მეოთხედფინალშიც იოლად გაიმარჯვა - მან ბელგიელ სამი ჩუჩის წუთსა და 30 წამში იპონით მოუგო.

ნახევარფინალში კი ქართველმა ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს 23 წამში იპონით მოუგო და ფინალში გავიდა. ამავე წონაში ლუკა მაისურაძემ ამერიკელი არტურ რაითის და კანადელი ეტიენ ბრიანის დამარცხების შემდეგ, მერვედფინალში უზბეკ შაროფიდინ ბოლთაბოევთან დამატებით დროში, იპონით წააგო და ტურნირს უმედლოდ დაემშვიდობა. 81 კგ.ში პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა ანრი ეგუტიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, პლანეტის პირველობის მესამე დღეს ოქროს მედალი 73 კგ.წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. ოთხი დღის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 1 ოქროთ და 1 ვერცხლით მეორე ადგილს იკავებს.

მამაკაცთა კატეგორიაში კი საქართველოს ნაკრები პირველ ადგილზეა. ხვალ მსოფლიო ჩემპიონატის მეხუთე დღეს კიდევ ორი ქართველი იასპარეზებს. 90 კგ.ში ბექა ღვინიაშვილი გამოვა, ხოლო ქალთა კატეგორიის 70 კგ.ში მარიამ ჭანტურია მოსინჯავს ძალებს.

წინასწარი შეხვედრები უნგრეთში თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება ,ხოლო საჭიდაო დღის ფინალური ბლოკი კი 19:00 საათიდან გაგრძელდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში