სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ ათი პირის მონაწილეობით, კანონდამრღვევი დაჯარიმდება - შრომის ინსპექცია

10 ივნისი 2021, 14:12 4761 ნახვა

შრომის ინსპექციის სამსახური ქორწინების საზეიმო ცერემონიების ჩატარებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს.

სამსახურში აცხადებენ, რომ ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისის განახლება საზოგადოების ნაწილმა სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ ათი პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

„როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა.

საზოგადოების ნაწილმა აღნიშნული დაშვება სოციალური ღონისძიების ერთ-ერთი ნაირსახეობის – ქორწილის გადახდის ნებართვად მიიღო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ხაზგასმით იყო განმარტებული ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარებისთვის განსაზღვრული რეკომენდაციები. კერძოდ, ქორწინების მსურველებისა და მათი თანმხლები პირების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ათ პირს, ასევე, სარეგისტრაციო სივრცეში თითოეული მათგანი წარმოდგენილი უნდა იყოს პირბადით. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილმა არასწორად აღიქვა რეგულაციის შემსუბუქება და ის სოციალური ღონისძიების – ქორწინების საზეიმო ცერემონიის ნებართვასთან გააიგივა.

შესაბამისად, შრომის ინსპექციის სამსახური კიდევ ერთხელ განუმარტავს მოქალაქეებს დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას. გაცნობებთ, რომ ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების მიხედვით, სოციალური ღონისძიებები დაშვებულია მხოლოდ ათი პირის მონაწილეობით. ხოლო კანონდამრღვევებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც ფიზიკური პირისთვის 2 000 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის 10 000 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

შრომის ინსპექციის სამსახური, სხვა ზედამხედველ უწყებებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე და მოუწოდებს საზოგადოებას, დაიცვან დადგენილი წესები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში