პოლიციამ „ქურდული სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავა, კანონიერ ქურდს „გლეხოვიჩს“ კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს - შსს

10 ივნისი 2021, 14:11 1835 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 13 პირი დააკავეს, კანონიერ ქურდს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

გამოძიება დაკავებულებს „ქურდული სამყაროს“ წევრობას, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვას და ,,ქურდული სამყაროს'' საქმიანობის მხარდაჭერას ედავება. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს, მეტსახელად „გლეხოვიჩს“ ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.
მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს დაავალა.

აღნიშნულმა პირმა კი თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

''სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ. ასევე პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში