ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე - მეუფე სპირიდონი 

10 ივნისი 2021, 17:30 1427 ნახვა

მეუფე სპირიდონმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასა და ნინო ლომჯარიას გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. 

სახალხო დამცველმა გუშინ თქვა, რომ ძალდობის ფაქტებზე საუბრის გამო სტუდენტს ხიჭაურის უნივერსიტეტში აღარა უშვებდნენ. 

სხალთელი ეპისკოპოსი კი აცხადებს, რომ ეკლესიამ ბავშვს ყველაფერი მისცა, მას კი გონება შეუცვალეს. 

მეუფე სპირიდონი ამბობს, რომ ეს არასამთავრობოები და სახალხო დამცველი ახალგაზრდებზე ზეგავლენას ახდენენ. 

''საჯარო სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს პირველკურსელი გააგდეს ხიჭაურის უნივერსიტეტიდან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ეს ახალგაზრდა ლუკა ხაჩიძეა, რომელიც პანსიონატში მიიყვანეს, როცა რამდენიმე დღის დაბადებული იყო. დედა ეკლესიამ გაზარდა, თავს ევლებოდა, არ აკლდა არაფერი. არც ჩაცმა, არც კვება. სკოლის დამთავრების შემდეგ, წმინდა ტბელ აბუსერიძის უნივერსიტეტში მოაწყო რომ სწავლა-განათლება მიეღო.

ჩვენ გაოცებული ვართ, რამ აიძულა ეს ბავშვი და რამ შეუცვალა ასე გონება. თურმე ურეკავდა სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათთან ჰქონდა მოლაპარაკება. 

გაოცებული და ძალიან შეწუხებულები ვართ ჩვენ. რა შეეძლო ეკლესიას მეტი გაეკეთებინა, შეიფარა, უზრუნველად გაზარდა. რამ შეუცვალა გონება?

ჩვენ ვთვლით, რომ ეს ძალიან საშიში მოვლენაა არასამთავრობოების და ლომჯარიების ზემოქმედება ახალგაზრდობაზე. ასე უცვლიან ცნობიერებას და ფორმატირებას უკეთებენ.

რა გამოდის, ყველაფერი მისცა ბავშვს ეკლესიამ და შეუტრიალდა და ჩივილი დაუწყო. ამასთან დაკავშირებით ცნობილი გამოთქმა მახსენდება: ''დედას დავახრჩობ, გავგუდავ მამას რევოლუცია თუ მეტყვის ამას''. როგორც ჩანს ასეთი თაობის შექმნას აპირებენ ისინი.  ეს ძალიან საშიშია და ქვეყანა და ერი ფეხზე უნდა დადგეს, რომ ასეთი თაობა არ მივიღოთ'' - ამბობს მიმართვაში მეუფე სპირიდონი. 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში