მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ნატო-სთან, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით - ირაკლი ღარიბაშვილი

14 ივნისი 2021, 18:09 877 ნახვა

არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელის ფორუმზე მიმართვისას განაცხადა, რომელშიც მსოფლიო ლიდერებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ტურბულენტურ ეპოქაში, როდესაც თვალშისაცემია საერთაშორისო სამართლისა და მრავალმხრივი ჩართულობის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის წინაშე მდგარი განსაკუთრებული გამოწვევები. ამ გამოწვევებს გარკვეული სუბიექტები იყენებენ, რათა დაუფარავად აღუდგნენ წინ ან ფარულად გამოუთხარონ ძირი ამ სისტემას – სისტემას, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს მსოფლიოს პროგნოზირებადობა, მშვიდობიანი გზით გადაჭრას დავები და დაიცვას ყველა ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად მათი ზომისა თუ გეოგრაფიული მდებარეობისა. ჩვენ თვალ-ყურს ვადევნებთ სისტემურ და ღირებულებით კონკურენციას, რომელიც დემოკრატიის მიმართ ავტორიტარიზმის მზარდი შეტევებით ხასიათდება. ჰიბრიდული ომის ვარიაციები აღნიშნული კონკურენციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახასიათო ნიშნად იქცა და დემოკრატიული ქვეყნები მისი მიმღების როლში აღმოჩდნენ, თან ხშირად დაუცველნი და მოწყვლადი არიან. ამ გამოწვევებთან წინააღმდეგობა და მათგან თავდაცვა მოითხოვს ინფორმირებულობას, ერთიანობას და თანმიმდევრულ, გააზრებულ და შემოქმედებით მიდგომებს.

ჩვენ ასევე მივესალმებით, რომ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის განახლება წარმოადგენს დოკუმენტის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას და იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა ეფექტურად გაგრძელდება მომდევნო წლებში. წლების განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს და მონაწილეობს საქართველოში მდგრადობის ზრდის ძალისხმევაში. ჩვენ მზად ვართ, ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავოთ თანამშრომლობა ალიანსთან. ასპირანტი საქართველოსთვის ეს დღის წესრიგი კიდევ უფრო მეტად აქტუალურია, რადგან ჩვენ ალიანსის წევრობისთვის ვემზადებით. რაც უფრო მდგრადია თითოეული თანამოაზრე პარტნიორი და წევრი, მით უფრო ძლიერია ჩრდილოატლანტიკური ალიანსი. ეს არის ერთადერთი გზა თავისუფლებისა და მშვიდობისმოყვარე ერების ღირებულებათა სისტემების ბრძოლაში გასამარჯვებლად", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ალიანსი საუკეთესოდ არის აღჭურვილი აღნიშნული საფრთხეების წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო ცოდნისა და რესურსების მობილიზაციის გზით.

"საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, განიცდის ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სავაჭრო ბლოკადებს, კიბერშეტევებს, საინფორმაციო ომებს და სხვა სახის არატრადიციულ თუ ტრადიციულ ომებს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციის და ამ ტერიტორიების დესტრუქციული პოლიტიკის პოლიგონად გამოყენების პირობებში, ხსენებული მტრული მოქმედებები დღემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ არა მარტო ჩემი ქვეყანა, არამედ რეგიონის, ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ მყოფი ქვეყნებიც მოექცნენ უსაფრთხოების ახალი საფრთხეების წინაშე და თავის დასაცავად გზებსაც ეძებენ. ამრიგად, ძალზე მნიშვნელოვანია თანამოაზრე სახელმწიფოების გაერთიანება, ინსტრუმენტებისა და გამოცდილების გაზიარება მდგრადობის გასაზრდელად, რაც გადამწყვეტ ცნებად იქცა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ბევრად უფრო ფართო თვალსაზრისით და საზოგადოების მდგრადობას მოიაზრებს, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებების, სამართლის უზენაესობის, კარგი მმართველობისა და საბაზრო ეკონომიკის საზიარო პრინციპებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ბრიუსელის ფორუმზე, რომელიც 14-18 ივნისს მიმდინარე ნატო-ს სამიტის ფარგლებში იმართება, ირაკლი ღარიბაშვილი წამყვან სპიკერად არის დასახელებული ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში