სრულად ვაქცინირებული პირებისთვის, შესაძლოა, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტი ამოქმედდეს - თამარ გაბუნია 

15 ივნისი 2021, 11:40 1033 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ახალ დოზებს ელოდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ''ასტრაზენეკას'' 43 000 დოზა ივნისის ბოლოს შემოვა. მას საქართველო კოვაქსის პლატფორმიდან მიიღებს. სხვა ვაქცინების შემოტანის ზუსტი დრო კი ჯერ-ჯერობით უცნობია. 

თამარ გაბუნიას თქმით, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ''ასტრაზენეკას'' მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია გაიარონ. ადგილები 23 ივნისის შემდეგ დაემატება. 

,,ივლისის თვიდან  ვაქცინების საკმაო რაოდენობა გვექნება იმისთვის, რომ გაფართოებული კამპანია დავიწყოთ. მიდის მუშაობა საინფორმაციო სისტემის გაფართოებაზე. გარკვეული ლოჯისტიკური ხარვეზები სისტემას ჰქონდა და რამდენიმე ჯგუფი აქტიურად მუშაობს, რომ გაზრდილი დატვირთვის პერიოდში პრობლემები არ შეიქმნას'' - განაცხადა თამარ გაბუნიამ. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ბიზნესთან თანამშრომლობით ასევე განიხილება ''მწვანე საშვის'' დაშვება, რომელიც ვაქცინირებული პირებისთვის გარკვეულ ფასდაკლებებს ითვალისწინებს. საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა. 

​''გრძელდება ესენციური ჯგუფების ვაქცინაცია და ეს პროცესი გაგრძელდება. განიხილება  წამახალისებელი ღონისძიებები, რომელიც ჩვენ შეიძლება სრულად ვაქცინირებულ მოსახლეობას შევთავაზოთ. აქაც მნიშვნელოვანია კორპორატიული პასუხისმგებლობა და დასაქმებულების წახალისება,. ასევე განვიხილავთ სავალდებულო ტესტირების რეჟიმის მოდიფიცირებას. მას ეტაპობრივად ჩაანაცვლებს ვაქცინაცია. 

ვაქცინირებული პირისთვის სავალდებულო ტესტირებაში მონაწილეობა აღარ იქნება საჭირო.  განიხილება აგრეთვე შესაძლებლობები, ბიზნესთან თანამშრომლობით, გარკვეული ფასდაკლებების პაკეტის ამოქმედებაზე, იმ პირებისთვის ვისაც ''მწვანე საშვი'' ექნება'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში