„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

16 ივნისი 2021, 11:21 1749 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათ შორის ორი წარსულში ნასამართლევია, ერთი კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფიაა.  

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა შემთხვევით გაიგო თავისი ნაცნობის, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის ყოფილი მეწილისა და ამავე ობიექტის ახლანდელი მფლობელის ფინანსური დავის შესახებ.

უწყების ცნობით, მან თანამზრახველებთან ერთად, საკუთარი სარგებლის მიღების მიზნით გადაწყვიტა აღნიშნულ დავაში ჩარევა. ბრალდებულებმა „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესების მიხედვით მოაწყვეს „ქურდული გარჩევა“. ბარის მეპატრონეს კი ყოფილი ბიზნესპარტნიორისთვის და „ქურდული სამყაროს“ წევრების სასარგებლოდ გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს.

''სამართალდამცველებმა, თ.ჩ., ა.მ. და დ.ს. ბრალდებულის სახით მას შემდეგ დააკავეს, რაც ბარის მეპატრონემ მათ მოთხოვნილი თანხა გადაუხადა. პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელ სახლებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები ერთმანეთს და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებს უკავშირდებოდნენ'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში