„დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით სამთავრობო კომისია შეიქმნა

21 ივნისი 2021, 12:54 784 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნა სამთავრობათაშორისო კომისია დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებისა და განხორციელების მიზნით.

მისივე თქმით, კომისიას უხელმძღვანელებს და კოორდინაციას გაუწევს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციის და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით. ეს  იქნება უაღრესად საპასუხისმგებლო და ყოვლისმომცველი პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება საზოგადოების ყველა სეგმენტი, როგორც სახელმწიფო უწყებები და ინსტიტუტები, ისე სამოქალაქო საზოგადოება, ასევე კვლევითი ცენტრები, ანალიტიკური ცენტრები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ექსპერტები, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანები და მოსახლეობის ფართო წრეები. წლის ბოლომდე გაიმართება არაერთი შეხვედრა, დისკუსია, დიალოგი, კონსულტაცია როგორც უწყებათაშორის დონეზე, ისე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და ერთობლივად შევიმუშავებთ სახელმწიფოებრივ ხედვას ხვალინდელი სამშვიდობო პოლიტიკის და დეოკუპაციის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანის განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ფართო წრეების ჩართულობით შექმნან განახლებული, კომპლექსური და ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში