ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა, იანვარ-მაისის მონაცემებით, 16 პროცენტით მეტი მგზავრი მიიღო - ნათია თურნავა

21 ივნისი 2021, 16:29 1416 ნახვა

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი პირველია პანდემიის შემდეგ, სადაც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის კუთხით ზრდა დაფიქსირდა.

ნათია თურნავას განცხადებით, ბათუმის აეროპორტმა მიმდინარე წლის პირველი 5 თვის, იანვარი-მაისის მონაცემებით, 16%-ით მეტი მგზავრი მიიღო, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

„ნიშანდობლივია, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დღესდღეობით კვირაში 100 – 105 ფრენა სრულდება, რაც დაახლოებით იმდენივეა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში სრულდებოდა. ეს ძალიან კარგი ნიშანია. ველოდებით, რომ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიც მალე გავლენ იგივე ნიშნულზე, რაც პანდემიამდე ჰქონდათ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტმა 41%-ით დაიბრუნა მგზავრთნაკადის ის მაჩვენებელი, რომელიც 2019 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში ჰქონდა. ივნისის მაჩვენებლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში იმავე რაოდენობის ავიარეისები სრულდება, რაც საჰაერო მიმოსვლის კუთხით ყველაზე აქტიურ და მზარდ 2019 წელს ხორციელდებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში