თორნიკე რიჟვაძემ აჭარის 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც  414 221 900 ლარს შეადგენს

22 ივნისი 2021, 12:32 1215 ნახვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა 2021 წლის კორექტირებული ბიუჯეტი, რომელიც ისტორიულ მაქსიმუმზეა, გაზრდილია 25%-ით და ჯამში 414 221 900 მილიონ ლარს შეადგენს - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე .

თორნიკე რიჟვაძის განმარტებით, ბიუჯეტში პრაქტიკულად გათვალისწინებულია ყველა ის პრობლემა, რაც მოსახლეობას აწუხებს.

"ეს არის აჭარის  მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ბიუჯეტი და მიზნად ისახავს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს მიიღწევა სწრაფი ეკონომიკური აღდგენის ამოცანების შესრულებით, ასევე თითოეული მუნიციპალიტეტის სწრაფი და მდგრადი განვითარების შედეგად.

ბიუჯეტი ითვალისწინებს ტურიზმის მაქსიმალურ  და ასევე მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ,,ოცნების ქალაქის'' მშენებლობა, სადაც უკვე დავიწყეთ მეორე ფაზის მომზადება.

დაგეგმილია ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. ძალიან მალე დავასრულებთ მყარი ნარჩენების პროექტის მშენებლობას. დავხურავთ ბათუმში გარემოსთან შეუსაბამო ნაგავსაყრელს და ამით ბათუმელების დიდი ხნის პრობლემა მოგვარდება. ბათუმში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის რეაბილიტაციისა და ეკოლოგიური გაუმჯობესებისთვის შესაბამისი რესურსების გამოყოფას.

ჩვენი მთავარი ამოცანაა ტურისტული ნაკადების დაბრუნება და რეგიონის მაქსიმალური პოპულარიზაცია"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში სამი ახალი სკოლა აშენდება. 

''განათლების ბიუჯეტი 9 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს კი საშულებას იძლევა 14 ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყოს და 40 სკოლის რეაბილიტაცია მოხდეს. სამი ახალი სკოლა აშენდება ბათუმში, ეს ქალაქისთვის წლების განმავლობაში პრობლემა იყო. ასევე დაგეგმილია დიდი პროექტები მუნიციპალიტეტებში. ქვემო ვაშლოვანში აშენდება ახალი სკოლა.  სოფელ კალოთაში აღვადგენთ ხანძრის შედეგად დამწვარ სკოლას, ესეც გათვალისწინებულია ბიუჯეტში. ასევე ვგეგმავთ სკოლების თანამედროვე ინვენტარით აღჭურვას.

ბათუმის უნივერსიტეტთან შევთანხმდით, რომ ავაშენებთ ახალ კემპუსს და თანხები გამოყოფილია. ვგეგმავთ სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებისთვის ხელფასების გაზრდას'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, საბოლოო ამოცანაა, რომ თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ბიუჯეტის და შესაბამისი პროექტების სარგებელი. ძალიან სწრაფად მოხდეს მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.

მისივე განმარტებით, ეს ბიუჯეტი საშუალებას მოგვცემს ღირსეულად ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას, დავაბრუნოთ ეკონომიკა და მოქალაქეების ცხოვრების ჩვეული დინამიკა.

თორნიკე რიჟვაძემ, მხარჯავ დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, დროულად მოახდინონ ბიუჯეტის კორექტირება.

"მინდა ვთხოვო ყველა მხარჯავ დაწესებულებას, უმოკლეს პერიოდში, მოახდინონ საჭირო ღონისძიებების გატარება, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს, როგორც მერებს, ასევე საკრებულოს ხელმძღვანელებს, რომ კვირის ბოლომდე ჩვენ შევძლოთ ბიუჯეტის კორექტირება ყველა დონეზე, რათა ძალიან მალე დავიწყოთ საქმე, რომ თითოეულმა მცხოვრებმა იგრძნოს ის პროექტები, რომელსაც კორექტირებული ბიუჯეტი ითვალისწინებს"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში