ნახევარი მილიონი დოზა ''სინოფარმი'' და ამდენივე დოზა ''სინოვაკი'' კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს - ჯანდაცვის მინისტრი 

28 ივნისი 2021, 12:24 1586 ნახვა

ნახევარი მილიონი დოზა ''სინოფარმი'' და ამდენივე დოზა ''სინოვაკი'' კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს - განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ასევე ცნობილია როდის იქნება ''ფაიზერის'' ვაქცინა ქვეყანაში, თუმცა თარიღს კონტრაქტიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

''იანვარში დამტკიცდა ვაქცინაციის კალენდარი, რომელიც მოიცავდა ვაქცინაციის სხვადასხვა ფაზას. მესამე კვარტალში დაანონსებული იყო მასობრივი ვაქცინაცია. სწორედ შემდეგი თვიდან ჩვენ უკვე მზად ვართ, როგორც რეგიონულად, ასევე ცენტრალიზებულად დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი.

ვაქცინაციის პროცესში გამოიკვეთა სხვადასხვა საჭიროებები, რომელიც აისახა კლინიკებისადმი სანდოობაზე. ასევე რეგიონებში და დედაქალაქში მობილობით. ამან ჩვენ მოგვცა დამატებით მინიშნება, რომ  მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თბილისში, გაიზარდოს ვაქცინაციის მოცულობა, რისთვისაც  ვართ მზად. იმ ვაქცინებით, რომელიც საქართველოში ეტაპობრივად შემოვა, მასობრივ იმუნიზაციას დავიწყებთ'' - 

მწარმოებლებთან გარკვეული მოლაპარაკებების საფუძველზე, რაც გაუთქმელობას გულისხმობს, არ გვაქვს უფლება დავასახელოთ კონკრეტული დეტალები. სადაც ეს ვალდებულება არ გვაქვს გეტყვით, რომ ნახევარი მილიონი დოზა ''სინოფარმი'' და ამდენივე დოზა ''სინოვაკი'' კვირის ბოლოს საქართველოში უნდა იყოს. შესაბამისად შემდეგი კვირის დასაწყისიდან  დაიწყება მასობრივი ვაქცინაცია'' - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები მოქალაქეებს „დელტა“ შტამისგან ვერ იცავენ, არ არის სრულყოფილი.

ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, პანდემიის დამარცხებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ვაქცინა, არამედ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეგულაციების სათანადოდ დაცვა.

„სხვა ვაქცინებთან მიმართებითაც მეცნიერებს გარკვეული კითხვები აქვთ. არაერთხელ ვიმეორებთ, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი ეპიდემიის დამარცხებისთვის და მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქე აიცრას, ასევე ჩვენ ყოველთვის ვუსვამთ ხაზს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალურ დისტანციას, ნიღბის ტარებას და ყველა რეგულაციის დაცვას. ჩვენც მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დავიცვათ ყველა საჭირო ღონისძიება“, – განაცხადა მინისტრმა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში