იძულებული ვარ გადავფრინდე მოსკოვში "პრაიდის კვირეულის" დროს თბილისში ვერ ვიქნები - ლევან ვასაძე

30 ივნისი 2021, 20:58 1694 ნახვა

საზოგადოებრივი მოძრაობა "ერის" ლიდერის ლევან ვასაძის განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ის  1-5 ივლისს, დაგეგმილი "პრაიდ კვირეულის" დროს, საქართველოში ყოფნას ვერ შეძლებს.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, გულზე საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, რის გამოც იძულებულია, სტამბულიდან მოსკოვში გადაფრინდეს.

"დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ, დაისვა სავარაუდო დიაგნოზი საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე და თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას და შესაძლოა, საოპერაციო ჩარევასაც.

მე გადავწყვიტე, რომ დავეკითხო აზრი მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კარდიოქირურგს და საერთოდ კარდიოლოგს, ჩვენს სასიქადულო თანამემამულეს, ბატონ ლეო ბოკერიას. დავუკავშირდი მას მოსკოვში, მან დამდო პატივი და სასწრაფოდ გადმომირეკა, ყურადღებით მომისმინა. გამოთქვა რაღაც თავისი შეხედულებები ამ ვითარებასთან დაკავშირებით.

მირჩია, რომ სასწრაფოდ ჩავიდე მასთან, რათა მისი დაკვირვებისა და ხელმძღვანელობის ქვეშ გაგრძელდეს კვლევაცა და შესაძლო მკურნალობაც. მე მადლიერებით ვღებულობ ბატონი ლეოს ამ რეკომენდაციას და ამიტომ იძულებული ვარ სტამბოლიდან გადავფრინდე მოსკოვში, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს, რომ მე ე.წ. პრაიდის კვირეულის დროს თბილისში, სამწუხაროდ, ვერ ვიქნები, რასაც ძალიან ვნანობ და ძალიან მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ",- განაცხადა ვასაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში