ცოცხალი ძაღლები ნაგავსაყრელზე ეყარა - ბათუმის მერიასთან აქცია იმართება 

05 ივლისი 2021, 11:00 2481 ნახვა

''ცოცხალი ძაღლები ნაგავსაყრელზე ეყარა, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო'' - აცხადებენ მოქალაქეები, რომლებიც ამ წუთებში ბათუმის მერიასთან არიან შეკრებილები და აქციას მართავენ.

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ ათობით მიუსაფარი ძაღლი ნაგავსაყრელზე იყო, მათ ჰქონდათ დაზიანებები და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები.

მოქალაქეები ამბობენ, რომ მოგვიანებით შემთხვევის ადგილას მივიდნენ და რამდენიმე მათგანი გამოიყვანეს, მიუტანეს საკვებიც. მათივე თქმით, ეს ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიიდან გაყვანილი ძაღლებია. მათ შორის ერას მოედნიდან და ბულვარიდან. 

 

''როცა თქვეს, რომ ეს ერას მოედნის ცუგები იყვნენ  ვერ ვიჯერებდი, წლების განმვლობაში იქ ვმუშაობ, ისინი უწყინარი და მოვლილი ძაღლები არიან.  გუშინ  ნაგავსაყრელზე ვიყავით, იყო ჯოჯოხეთი, ცოცხალი ძაღლები ნაგავსაყრელზე ეყარა. ეს ყველაფერი უნდა შეწყდეს. ჩვენ ქუჩის ძაღლებს ვეხმარებით, მაგრამ  პრობლემა გლობალურად უნდა მოგვარდეს. საჭიროა კანონი, რომელიც შეზღუდავს გამრავლებას. კასტრაცია-სტერილიზაციიაა საჭირო, რომ ლეკვები ისევ არ აღმოჩნდნენ ნაგავსაყრელზე. 

პირველ რიგში აუცილებელია ძაღლების ნაგავსაყრელიდან გამოყვანა, სპეციალური ადგილის გამოყოფა. ასევე უნდა გამკაცრდეს ჯარიმები'' - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

ისინი მერიას ცხოველთა უფლებების დაცვას და კანონმდებლობის გამკაცრებას სთხოვენ. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა მოქალაქეებს ჯერ აჰყავთ ძაღლი, შემდეგ კი ქუჩაში ტოვებენ.

აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

1. Რა გეგმას შეიმუშავებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი,რათა მოხდეს ნაგავსაყრელზე მყოფი ცხოველების ყოფა-ცხოვრების შემსუბუქებას ან რა ალტერნატიულ გზას შეიმუშავებს მათი იმ ტერიტორიიდან გამოსაყვანად უსაფრთხო ადგილას!!!

2. Მოვითხოვთ დაჩქარებული წესით დაიწყონ დაპირებული თავშესაფრის მშენებლობა.

3. ასევე შეწყდეს მასიურად ცხოველების აქეთ-იქეთ გადაყრა.

4. Შეწყდეს ყოვლად უსაფუძვლო და უფაქტო სიტყვიერი არა დაზუსტებული საჩივრების საფუძველზე ცხოველების ტერიტორიიდან გამოყვანა.

5. Მოხდეს სოფლად მყოფი ცხოველების აღრიცხვიანობა, გასტერილება და დაჩიპვა (მარტივი რომ იყოს შემდეგ გამოგდებული და ნაგავსაყრელზე დაგდებული ცხოველის იდენტიფიცირება).

მერის მოვალეობის შემსრულებელს აქციის ერთ-ერთი მონაწილე შეხვდა. პედაგოგი თეონა ყურშუბაძე ამბობს, რომ ​დღესვე შეიკრიბება მონიტორინგის ჯგუფი, რომლებიც სიტუაციას ადგილზე გაეცნობიან. 

''მივლენ და შეისწავლიან ვითარებას და გადაწყვეტენ იქ დროებით როგორ მოაგვარონ ამ ცხოველებისთვის ყოფის საკითხი. ეს ცხოველები იქ არიან ღია ცის ქვეშ, კვდებიან, იხრჩობიან და შემდეგ მათ ისევ ცხოველები ჭამენ. დამაიმედებელი პასუხებით გამოვედით. ეს არ იქნება ჩვენი ერთჯერადი შეხვედრა.

სანამ თავშესაფარი არ გვექნება რთულია ყველაფრის 100% მოგვარება, მაგრამ ახლანდელი ჩვენი მოთხოვნა არის, იქ მყოფი ცხოველების მდგომარეობა რაღაცნაირად შემსუბუქდეს. თავშესაფართან დაკავშირებით გვითხრეს, რომ დაწყებულია მუშაობა, მიმდინარეობს რიგი საკითხების გადაჭრა, ტერიტორიის შესწავლასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ დაიწყება მშენებლობა."- განაცხადა თეონა ყურშუბაძემ. 

 

 

 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში