ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ - "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"

05 ივლისი 2021, 13:43 827 ნახვა

ხელისუფლების უმოქმედობა ახალისებს აგრესიული ჯგუფების ძალადობას მედიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებულ მოვლენებს ეხმაურება და  მოუწოდებს ხელისუფლებას, დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება.

"5 ივლისს ქალაქის ცენტრში შეკრებილი პირები, რომლებიც დაანონსებული „ღირსების მარშს“ აპროტესტებენ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედიის წარმომადგენლებს ფიზიკურად ესხმიან თავს.

ამ ეტაპზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე ირკვევა, რომ თავს დაესხნენ და ტექნიკა დაუზიანეს მინიმუმ 9 მედია საშუალებას, მათ შორის, ტელეკომპანია „პირველის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის, „ტაბულას“, „რუსთავი 2-ის“, „პალიტრანიუსის“, „იმედის“, „ონ.გეს“, „ფორმულას“, „მთავარი არხის“ სულ მცირე 20-მდე ჟურნალისტსა და ოპერატორს. მუშაობის საშუალება არ ეძლევათ სხვა მედიის წარმომადგენლებსაც.

საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებს, თუ როგორ ესხმიან თავს  მოძალადე პირები სხვადასხვა მედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და ოპერატორებს, დევნიან მათ და უზიანებენ ტექნიკას. სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და პრაქტიკულად მისი უმოქმედობა კიდევ უფრო ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს განაგრძონ  თავდასხმები მედიის წინააღმდეგ.

ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების მიერ არაერთი მუქარის შემცველი განცხადება გავრცელდა, თუმცა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები არაეფექტურია. მედიის დარბევის დაწყების წინ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ 5 ივლისს დაგეგმილი მარშის ჩატარება მიზანშეუწონლად მიაჩნია და მისი ორგანიზატორების უკან რევანშისტული რადიკალური ოპოზიცია დგას. აღნიშნული განცხადებით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა პრაქტიკულად ძალადობის წახალისება მოახდინა. ეს ასევე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებისადმი გაკეთებული გზავნილია, რამაც შესაძლოა არასასურველი შედეგი მოიტანოს.  

ქვეყანაში სახიფათო გახდა ჟურნალისტებისათვის, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომამდგენელთათვის მუშაობა. ბოლო პერიოდში მათ მიმართ განხორციელებულმა ფიზიკურმა ძალადობამ, მუქარამ, შეურაცხყოფამ საგანგაშო ხასიათი მიიღო. აღნიშნულ ნეგატიურ ტენდენციას კი თავისთავად ახალისებს ხელისუფლების არაეფექტური რეაგირება. არ ხდება მსგავსი ინციდენტების დროული და სათანადო გამოძიება, დამნაშავეების შესაბამისი დასჯა და გრძელდება ზოგადად აგრესიული რიტორიკა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად უზრუნველყონ მედიის წარმომადგენელთა უსაფრთხოება, დაიცვან ისინი ფიზიკური ძალადობისაგან და პროფესიული საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელების პირობები შეუქმნან. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ თითოეული ინციდენტი ეფექტურად გამოიძიოს და ყველა დამნაშავე კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს"-აცხადებს ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში''.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში