ტელეკომპანიების ნაწილი ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქებაზე უარს აცხადებს 

05 ივლისი 2021, 16:41 920 ნახვა

რამდენიმე ტელეკომპანია, მათ შორის ''რუსთავი 2'', ''მთავარი არხი'', ''ტვ პირველი'', ''პალიტრანიუსი'' - გადამღებ ჯგუფებს მოუწოდებენ დაბრუნდნენ ოფისებში. ისინი რადიკალური ჯგუფების მიერ გამართული აქციების გაშუქებას დროებით წყვეტენ. 

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" რუსთაველის გამზირზე დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კი განცხადებას ავრცელებს.

"რუსთავი 2" დღეიდან რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ორგანიზებულ არც ერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს.

"ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს" - ნათქვამია "რუსთავი 2-ის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტელეკომპანიების წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ დროულად მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება.  მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ მედიისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო.

დღეს ჰომოფობიური აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და ფოტოგრაფებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მედიის წარმომადგენლებს მედიკოსების დახმარება დასჭირდათ და რამდენიმე მათგანი კლინიკაშიც გადაიყვანეს. 

ამ დრომდე უცნობია დააკავეს თუ არა ვინმე ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში