შსს-მ მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე კიდევ სამი პირი დააკავა

06 ივლისი 2021, 11:16 1257 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია ,,რუსთავის 2-ის'', ,,მთავარი არხის'', გამოცემა - ,,ტაბულას'' და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შსს-მ 8 პირი გუშინ დააკავა. ისინიც ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულნი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში