ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ 2030 წლისთვის ეკონომიკის გაორმაგება - ირაკლი ღარიბაშვილი 

06 ივლისი 2021, 11:27 749 ნახვა

''ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ,  ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა“, – ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა „ეკონომიკა – 2030“ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ​ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური ატმოსფერო პროგნოზირებადი გახდეს.

''ძალიან შორს არ წავალ და არ გაგახსენებთ რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში. მას შემდეგ ბევრი გაურკვეველი ეკონომიკური პოლიტიკის მომსწრენი გავხდით. შედეგად მივიღეთ ბევრი დანგრეული ადგილობრივი წარმოება, გაჩერებული ქარხანა-ფაბრიკები. დაკარგული სამუშაო ადგილები, გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა, რაც არის ტრაგედია. 

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარება. ეს გეგმა უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია. 

მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, იმისათვის, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს.

ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში