ბოლო დღეებში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება - ამირან გამყრელიძე

07 ივლისი 2021, 14:07 1056 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენციაა.

„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უარესდება. ვიყავით პლატოზე და ერთი კვირაა, ყველა მაჩვენებელი, ინციდენტობის ანუ ახალი შემთხვევების მაჩვენებელი, დადებითობის მაჩვენებელი მიდის ზემოთ. ამის შეკავების ერთადერთი გზა არის მხოლოდ მასობრივი ვაქცინაცია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად აიცრან“, – ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპი საკმარისი არ არის და მოქალაქეები უნდა გააქტიურდნენ. ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებით წამახალისებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს. 

„დაიძრა ვაქცინაციის პროცესი. გუშინ გვქონდა ხუთი ათასამდე, პირველ დღეს გვქონდა სამი ათასი, დღეს არის დაჯავშნილი დაახლოებით ექვსი ათასამდე. თანდათან იზრდება აქტიურობა, მაგრამ ტემპი ჯერჯერობით არ გვაკმაყოფილებს. გუშინ სერიოზული მსჯელობა იყო საკოორდინაციო საბჭოზე წამახალისებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, საბჭო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს.

შევხვდეთ უსაფრთხო სკოლებით შემოდგომას, იყოს ყველა სასტუმრო, რესტორანი უსაფრთხო, ეს მოძრაობა თანდათან უნდა გაძლიერდეს. რაც უფრო გაფართოვდება ვაქცინაცია, ხელმისაწვდომობაც მეტად გაფართოვდება.

გუშინ, ჩვენ დავაყენეთ საკითხები სავაჭრო მოლებში ამცრელი პუნქტების განთავსებაზე, ასევე ე.წ. დრაივ აცრებთან, აფთიაქარებთან დაკავშირებით და თანდათან ეს უნდა გაიშალოს. დღეს უკვე ვაქცინების მიწოდების დეფიციტი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს მოთხოვნის დეფიციტი. საიტზე რომ შეხვალთ, ნახავთ, რომ ბევრ დაწესებულებაში არის დაუჯავშნელი ადგილი. დღეს დაახლოებით 80 ათასამდე თავისუფალი ადგილია. ამიტომ, მოვუწოდებ მოსახლეობას, დაჯავშნონ ან მიბრძანდნენ და დაჯავშნის გარეშე აიცრან, ადგილზე დარეგისტრირდნენ“, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში