საქართველოს პრეზიდენტმა მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო მოსამსახურე დააჯილდოვა

09 ივლისი 2021, 11:38 1275 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა მხედრული მამაცობისთვის 8 სამხედრო  მოსამსახურე დააჯილდოვა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომლებმაც პირნათლად შეასრულეს საკუთარი მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამშვიდობო მისიის  წარმატებით დასრულებაში. 

პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოს ძლიერი თავდაცვის ძალები ყავს. 

''საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთში ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისია დაასრულეს. მისიაში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ მიიღო. საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას კი 32 ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქედს ვიხრით დაღუპულთა ხსოვნის წინაშე. 

საქართველო არასდროს შეწყვეტს ნატოსკენ სწრაფვას, ყოველთვის იქნება საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერი შემსრულებელი. სწორედ თანამედროვე, ნატოსთან თავსებადი თავდაცვის ძალები კიდევ უფრო გვაახლოებს ალიანსის წევრობასთან. აღსანიშნავია ჩვენი ჯარისკაცების წვლილი. დასრულდა ჩვენი მონაწილეობა ამ სამშვიდობო მისიაში, 31 აგვისტოს თვით მისიაც დასრულდება, მაგრამ არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ჩვენი სოლიდარობა და ერთიანი ბრძოლა“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისია დასრულებულია. 17 წლის განმავლობაში, სულ მცირე, 22 ათასი ჯარისკაცი, როტაციის წესით, ალიანსის სხვა დანაყოფებთან ერთად, საერთაშორისო მისიაში საქართველოს სახელით მონაწილეობდა.

დასკვნითი ღონისძიება სენაკის ბაზაზე გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში