თუ ინფიცირების შემთხვევები ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრების საკითხი განიხილება - ამირან გამყრელიძე 

09 ივლისი 2021, 15:33 2332 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება არ იგეგმება, ხოლო თუ შემთხვევათა რიცხვი ნახტომისებურად გაიზრდება, შეზღუდვების გამკაცრება განიხილება.

ამირან გამყრელიძის თქმით, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება და დისტანცია. 

მისივე განცხადებით,  ზაფხულში დაგეგმილ სემინარებსა და კონფერენციებზე, შესაძლოა მხოლოდ ორჯერ აცრილი პირების დაშვება მოხდეს. 

'' გამკაცრებამდე ყველამ უნდა დავიცვათ  რეკომენდაციები თუ არ გვინდა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.  საუბარია 5 რეკომენდაციაზე, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ. პირბადის ტარება -  მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ცხელა და პირბადის ტარება სავალდებულო არ არის. გირჩევთ, თუ რამდენიმე ადამიანი ერთად სეირნობთ, ყველას ეკეთოს პირბადე გარე სივრცეშიც. აღარ ვსაუბრობ იამზე, რომ შიდა სივრცეებში აუცილებელია. მეორე არის დისტანცია. მესამე რეკომენდაცია - თავი ავარიდოთ ყველანაირ თავშეყრას.

​ასევე, ბოლო რეკომენდაცია, ზაფხულში იმატებს ტრენინგების და კონფერენციების რიცხვი, ამ შეკრებებზე დავუშვათ მხოლოდ და მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები.   ეს ხორციელდება სხვა ქვეყნებში და ჩვენც უნდა მივეჩვიოთ.

არავინ არ არის წინააღმდეგი სემინარების ჩატარების. სემინარებზე უნდა ატარონ პირბადე, დისტანცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ აუცილებელი რეკომენდაციაა, რომ სემინარის მონაწილეები იყვნენ წინასწარ აცრილები, ისევე, როგორც სემინარის დამგეგმავები და ჩამტარებლები.

თუ დავიცავთ ამ რეკომენდაციებს  არ მოგვიწევს ახალი შეზღუდვების დაწესება, მაგრამ თუ შემთხვევათა რიცხვი  გაიზარდა ნახტომისებურად, მაშინ დაავადებათა კონტროლის ცენტრი დააყენებს ამ საკითხს  საკოორდინაციო საბჭოზე”,- განაცხადა გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში