ლექსო ლაშქარავას საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

13 ივლისი 2021, 18:30 1300 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლექსო ლაშქარავას მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის საქმეზე დაკავებულ დავით კუტალაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თეიმურაზ სიხარულიძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურა კუტალაძის მიმართ  მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენებას მოითხოვდა. დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას ითხოვდა.

სამართალდამცველებმა კუტალაძე 12 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში