ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი ბანკიდან დაკარგული 3 მილიონი ლარის საქმეზე დააკავეს 

15 ივლისი 2021, 09:59 5643 ნახვა

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ერთ-ერთი კომერციული ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე, ამავე ბანკის ბათუმის ფილიალის ყოფილი მენეჯერი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2015 წლიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდში, დაამზადა ანაბრის გახსნისა და დახურვის ყალბი ხელშეკრულებები, სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები, რა გზითაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, ბანკის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე დადგენილია, რომ მითვისებული თანხა ჯამში შეადგენს 2 467 667 ლარს, 180 480 აშშ დოლარს და 80 000 ევროს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

ბანკიდან დაკარგული მილიონების შესახებ ცნობილი მიმდინარე წლის მაისში გახდა. „ლიბერთი ბანკის“ ბათუმის ფილიალის ყოფილ მენეჯერს და კიდევ 14 თანამშრომელს დაზარალებულები სასამართლოში უჩივიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში