ქობულეთში, ხინოს ხეობაში ორი ადამიანი დაიკარგა - მოქალაქეებს მაშველები ეძებენ 

16 ივლისი 2021, 11:49 2313 ნახვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ხინოს ხეობაში მაშველები 2 ადამიანს ეძებენ, პროცესში დილიდან ვერტმფრენიც ჩაერთო. 

112-ში შესული შეტყობინების თანახმად, გზააბნეული მოქალაქეები ხინოსა და გომის მთებს შორის იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილზე ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ისინი მაშველების დახმარებას ითხოვდნენ. ერთ-ერთ მათგანს ქვედა კიდურის დაზიანება ჰქონდა.

''შეტყობინების მიღებისთანავე, მოქალაქეების დასახმარებლად გავიდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 3 ჯგუფი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს რთული რელიეფის გამო, მოუწიათ ხეობაში ქვეითად გადაადგილება. ცუდი ხილვადობის გამო, ღამის განმავლობაში, ვერ მოხერხდა პროცესში საჰაერო ძალის ჩართვა.

დილიდან, გათენებისთანავე მუშაობა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, რომელშიც იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და ექიმები.

ამ დროისთვის ხეობაში მიმდინარეობს 2 დაკარგული მოქალაქის აქტიური საძიებო-სამაშველო ოპერაცია'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში