ხელფასი შეგვიმცირდება და სამსახურის გარეშე დავრჩებით - ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ კორპუსში დასაქმებული მედიკოსების პროტესტი

16 ივლისი 2021, 13:19 3203 ნახვა

მედიკოსები, რომლებიც რესპუბლიკური საავადმყოფოს ძველ კორპუსში მუშაობენ, ხელფასის შემცირების ან უსამსახუროდ დარჩენის საფრთხეებზე საუბრობენ. ირკვევა რომ ძველი შენობა პაციენტებს მხოლოდ გეგმიური სამედიცინო მომსახურებისთვის მიიღებს, ურგენტულ პაციენტებს კი ვეღარ უმკურნალებენ.

მინისტრის განმარტებით, იმისათვის, რომ სამედიცინო პერსონალს ანაზღაურება არ შეუმცირდეს, პარალელურად კოვიდსასტუმროებში დასაქმდებიან. ეს შეთავაზება კი მედიკოსებისათვის მიუღებელია. 

''შეგვიწყვიტეს ლიცენზია, ურგენტულ პაციენტებს ვერ მივიღებთ. პერსონალი რჩება სამსახურის გარეშე. გვითხრეს კოვიდსასტუმროებში გადაგანაწილებთო, ეს ჩვენ არ გვაკმაყოფილებს. ვითხოვთ ლიცენზიის აღდგენას. მხოლოდ გეგმიური პაციენტების მიღებით შემოსავლები შემცირდება, ამიტომ ჩვენ, სათანადო ხელფასს ვერ მოგვცემენ და დავრჩებით ლუკმა-პურის გარეშე'' - აცხადებს ინგა იაკობაძე. 

''საფრთზე არის და გვეშინია სამსახურს დავკარგავთ. ამდენი ადამიანი ჰაერში დავრჩით, სამსახურის გარეშე. ძველი რესპუბლიკური საავადმყოფო ჩვენ შევინარჩუნეთ, რამდენი ახალი კლინიკა აშენდა, მაგრამ არ გადავედით. ახლა გვემუქრებიან, რომ გარეთ გაგვაგდებენ, ასე, ერთი ხელის მოსმით. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენ ადამიანს შეეხება, დაახლოებით ხუთასს. ჩემთვის პირადად არ უთქვამთ, რომ სასტუმროში გადამიყვანდნენ სამუშაოდ, მაგრამ ამაზე საუბრობენ'' - ამბობს მადლენა დიასამიძე. 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი კი ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების არც ერთი თანამშრომელი სამსახურის გარეშე არ დარჩება. 

ნინო ნიჟარაძის თქმით, ეს არის მთავრობის დადგენილება, რომელშიც ცვლილება გასული წლის დეკემბერში შევიდა. 

''პირველ ივლისამდე მათ ქონდათ დრო, რომ ემერჯენსს გარკვეული დონე მინიჭებოდა,  წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდებოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მათი ჩახსნა. რაც განხორციელდა.  რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს აქვს საშუალება გეგმიური სამედიცინო დაწესებულების მიწოდება გააგრძლონ, ისინი რჩებიან სამსახურებში. 

რაც შეეხება ანაზღაურების შემცირებას, ჩვენ მზადა ვართ ეს ავუნაზღაუროთ კოვიდსასტუმროებში დასაქმების ხარჯზე. ასევე გვაქვს წინაპირობა, რომ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო დროულად ჩაერთოს ჰიბრიდულ მართვაში და მედიკოსები მუშაობას ახალ შენობაშიც გააგრძელებენ'' - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. 

ჯანდაცვის მინისტრისა და მედიკოსების შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ნინო ნიჟარაძე დასაქმებულებს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, ისინი სამი თვის განმავლობაში ახალ რეჟიმში იმუშავებენ.

 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში