პროკურატურამ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, ნარკოტიკების უკანონო გასაღების და შეძენა-შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

19 ივლისი 2021, 14:03 1397 ნახვა

ა. ლ. გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე, ფ.ა.-ს ბრალდება წარედგინა - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფ.ა. ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღების ფაქტზე 17 ივლისს დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ფ.ა.-მ, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. აღნიშნული ნივთიერების ნაწილი, 10 ივლისს, საღამოს საათებში, ფონიჭალის დასახლებაში, იაკობ ცურტაველის ქუჩა №48-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფ.ა.-მ უკანონოდ გაასაღა. კერძოდ, 500 ლარის სანაცვლოდ მან ადგილზე შეკრებილ პირებს: ნ.ნ.-ს, ა.ლ.-ს, ი.ნ.-ს, ლ.ე.-ს, ტ.კ.-ს, ე.მ.-ს, ლ.ჯ.-ს გადასცა ერთი შეკვრა ნივთიერება „ჰეროინი“, (კუსტარული ჰეროინი) ე.წ. „სირეცი“, 2 გრამის ოდენობით, ხოლო დარჩენილ ნარკოტიკულ საშუალებას ფ.ა. უკანონოდ ინახავდა როგორც პირადად, ასევე, ამავე მისამართზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლში. ფ.ა.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერება, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეიცავს 9,4984 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.

ფ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარემ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

ასევე, 17 ივლისს სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე, კიდევ 4 პირი დააკავეს, რომლებთანაც კანონით დადგენილი ღონისძიებები ტარდება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - წერია განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში