ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს - პრემიერი

20 ივლისი 2021, 11:24 3510 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობის მიერ რეგულაციების შემსუბუქების მხრივ გადადგმულმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო.

პრემიერის განცხადებით, ყველაფერი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით კეთდება.

,,აპრილში ჩვენ გვქონდა უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდა 45%, მაისში ასევე გვქონდა ძალიან მაღალი ზრდა 25%-ის ფარგლებში, წინასწარი ინფორმაციით ივნისშიც გვექნება საკმაოდ მაღალი ზრდა 15-დან 18%-მდე, საბოლოო ჯამში გამოდის, რომ პირველი 6 თვის განმავლობაშ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაიზრდება დაახლოებით 12%-ით. ამან დამატებითი რესურსების მობილიზების საშუალება მოგვცა ბიუჯეტში.

ქვეყანაში გაიხსნა თითქმის ყველაფერი და ეკონომიკამ დაიწყო სწრაფი ტემპებით აღდგენა და გაჯანსაღება, სამუშაო ადგილებს დაუბრუნდა ჩვენი მოქალაქეები"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, ინფიცირების მხრივ ქვეყანაში ძალიან ცუდი ტენდენცია.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ მთავრობას ქვეყანაში რეგულაციების გამკაცრება კვლავ მოუწევს, გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნება.

„ჩვენი ქვეყანა დაკეტვას ვეღარ გაუძლებს. ადამიანები დაკარგავენ სამსახურს, შეიქმნება გაუსაძლისი მდგომარეობა. წინასწარ მინდა პრევენციული განცხადებები გავაკეთო. არ მინდა ეს მოხდეს. ამას დაემატება ის, რომ ქვეყანას დამატებით დასჭირდება ვალის აღება, ეს დააწვება ტვირთად ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებს, ზოგადად, გართულდება სიტუაცია.

 

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ გვაქვს ყველა რესურსი და საშუალება, რომ ვაქცინაცია მაქსიმალურად სწრაფად ჩავატაროთ და ჩვენ დაახლოებით 2-3 თვეში შეგვეძლება მილიონ ნახევარი მოქალაქის აცრა, ეს არის ჩვენი ამოცანა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 7.7 პროცენტს შეადგენს.

„მინდა, გამოვეხმაურო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებას, რომელმაც გაიზიარა ჩვენი პროგნოზი და წელს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, მათი პროგნოზის მიხედვით, შეადგენს 7.7%-ს. გაზარდეს, მანამდე იყო 3,5%-მდე და მათი ახალი კორექტირებული პროგნოზი 7,7%-მდე გაიზარდა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს პოზიტიური, ძლიერი ტემპი შევინარჩუნოთ. ამიტომ, კიდევ ერთხელ, თხოვნით მივმართავ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში