"პალიკო", "მუხო", "ჯამა", "ლაპუხა" - შსს-მ "ქურდულ სამყაროსთან" კავშირისთვის 8 პირი დააკავა 

20 ივლისი 2021, 11:39 1161 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი თბილისსა და მარნეულში აიყვანეს. 

პოლიციამ ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი „ქურდული შეხვედრების“ ორგანიზებისთვის ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

''1969 წელს დაბადებული პ. გ. (მეტსახელად „პალიკო“), 1980 წელს დაბადებული ზ. გ. (მეტსახელად „მუხო“), 1964 წელს დაბადებული ჯ. გ. (მეტსახელად „ჯამა“), 1995 წელს დაბადებული ვ. გ., 1983 წელს დაბადებული დ. დ., 1991 წელს დაბადებული დ. ა., 1983 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ლაპუხა“), 1963 წელს დაბადებული ა. ო. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის, "ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ბრალდებულ ა.ო.-სთან პროცენტიან სესხთან დაკავშირებით ფინანსური დავა წარმოექმნა.

''ა.ო., სადავო საკითხის „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, ერთ-ერთი ბრალდებულის - დ.ა.-ს მეშვეობით დაუკავშირდა "ქურდული სამყაროს" წევრებს, ასევე ბრალდებულებს. აღნიშნულმა პირებმა ა.ო.-ს საკუთარი მატერიალური სარგებლის მიღების სანაცვლოდ დახმარება აღუთქვეს.

ბრალდებულებმა 2021 წლის აპრილსა და მარტში, თბილისში, ერთ-ერთ უბანში მდებარე საცხოვრებელ სახლში ფინანსური დავის „ქურდული წესით“ გარჩევა მოაწყეს.

დავის „ქურდული წესით“ გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დაზარალებული მოვალისგან - ა.ო.-სგან სადავო თანხას - 26 ათასი აშშ დოლარს ვერ მიიღებდა, რადგან მისი საქმიანობა „ქურდული სამყაროს“ წესებს არ შეესაბამებოდა'' - წერია განცხადებაში. 

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში