ვხედავთ წარმატებებს და არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომლის დასაძლევად ყველამ ერთად, ბევრი უნდა ვიშრომოთ - კახა კუჭავა

20 ივლისი 2021, 21:10 869 ნახვა

დღეიდან „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას, არ შეიძლება არ ავღნიშნო პარლამენტში განხორციელებული საარჩევნო რეფორმა, რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საარჩევნო კოდექსი და ეს ცვლილება საერთო კონსენსუსის ფონზე მოხდა, რასაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები მაღალ შეფასებას აძლევენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მთაწმინდაზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელების ცერემონიალზე განაცხადა.

„ეს ამბიციური რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნდებიან.

რაც შეეხება თბილისს - ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას.

ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას. გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ამ გამოწვევების დასაძლევად მიმაჩნია, რომ ქართული ოცნება ერთადერთი სწორი არჩევანია.

მე ხშირად ვამბობ და განვმეორდები, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. მინდა დასასრულს, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში