ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, თბილისი კვლავ გაიმარჯვებს - კახა კალაძე

20 ივლისი 2021, 21:12 963 ნახვა

ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვის.

"საზოგადოება სწორად გამიგებს, თუ ჩემი გამოსვლის მთავარი ადრესატი იქნება დედაქალაქის მოსახლეობა.

თბილისელები ამ ოთხი წლის მანძილზე იყვნენ ჩემს გვერდით, ხალხი იყო ჩემი მრჩეველი, თანამშრომელი, გულშემატკივარი და თანამებრძოლი. მსურს, თანაქალაქელებს გულწრფელად გადმოგცეთ ის ემოცია და განწყობა, რაც ეს წლებია ვატარე.

პოლიტიკაში მოსვლის წუთიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკით დაინტერესების წუთიდან, ჯერ კიდევ ჩემი პირველი, სპორტული კარიერის დროს, ვგეგმავდი, როგორ ჩავდგებოდი ქვეყნის, ხალხის სამსახურში, რაღაც სიახლეს შემოვიტანდი არსებულ პოლიტიკურ რუტინაში, ამიტომ, როცა ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, მისი გუნდის წევრი გავმხდარიყავი, ჩამოვედი და შევუერთდი ქართულ ოცნებას.

მადლობა 2012 წლის გამარჯვების ყველა შემოქმედს – პოლიტიკოსს თუ მოქალაქეს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ფეხი შემომედგა პოლიტიკურ ველზე და გადამწყვეტ პროცესებში უშუალო მონაწილეობა მიმეღო.

მე ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, ვინც დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას. ჩავდექით ხალხის სამსახურში და თქვენს მხარდამხარ დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა. აქვე, მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში – არა მარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს.

რატომ ვიხსენებ განვლილ წლებს და გიყვებით ამ ყველაფერს? – რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა შემომთავაზა ქალაქის მერად მეყარა კენჭი.

ძალიან ვნერვიულობდი – მქონდა გრანდიოზული სამეურნეო გეგმები და პოლიტიკური ამბიციებიც. აგრეთვე, დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელების, პრინციპში, მთელი ქვეყნის წინაშე. სულ სხვა გამოწვევა იყო მინისტრის პოზიციის მერე, სულ სხვა სირთულე და დიაპაზონი. თბილისი ხომ უდიდესი გამოცდაა და ამავდროულად უდიდესი გამოცდილება.

ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას.

გიყვარდეს ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება, შენი მოგონებები, შენი და შენი ოჯახის მომავალი უკავშირდება – რა თქმა უნდა, ბუნებრივი და მარტივია, მაგრამ, როდესაც ამ ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქში მცხოვრები ადამიანები შენ განდობენ თბილისის აწმყოსა და მომავალს, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა და სხვა ისტორიაა.

ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში. გადაწყვეტილი გვქონდა ათწლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა თბილისში. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული - მომავლის თბილისზე გათვლილი“, - აღნიშნა კალაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში