შსს-მ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე ერთი პირი დააკავა

21 ივლისი 2021, 11:05 1107 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციის დროს მოძალადე კიდევ 1 პირი დააკავა. 

უწყების ცნობით, ბრალდებული ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის და ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე აიყვანეს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უ.დ.-მ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, "ცისფერი გალერეის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ოპერატორს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სამინისტროს ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 27 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში