„ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ოპერატორების მიმართ ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

21 ივლისი 2021, 12:04 1206 ნახვა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 5 ივლისს  „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ტელეკომპანია „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2“-ის ოპერატორების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

''გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე ი.წ. და მასთან ერთად მყოფი პირები ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ოპერატორ ლ.ბ.-ს, ხოლო ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე უ.დ. და მასთან ერთად მყოფი პირები  თავს დაესხნენ მედია ჰოლდინგ „რუსთავი 2“-ის ოპერატორ ბ.ა.-ს. ბრალდებულები და მათთან ერთად მყოფი პირები ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ ოპერატორებს, რათა დაზარალებულების მხრიდან არ მომხდარიყო მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება'' - წერია განცხადებაში. 

სამართალდამცველებმა ი.წ. 19 ივლისს, ხოლო უ.დ. 20 ივლისს  დააკავეს.

პროკურატურის ცნობით, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის, ბრალი 27 პირს წარედგინა.

ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 52 პირი, მათ შორის, 42 ჟურნალისტი და ოპერატორი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში