ჩემთვის მძიმე იყო ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია - გომელაური

22 ივლისი 2021, 23:01 1153 ნახვა

ჩემთვის  მძიმე იყო ლექსო ლაშქარავასთან დაკავშირებით იმ კადრების გაშვება, რისი გავრცელებაც ბრიფინგებზე მოგვიწია, მაგრამ იძულებული გავხდით, საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიგვეწოდებინა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა "ღამის კურიერის" ეთერში ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ძალიან მძიმე სანახავი იყო მისი დაკრძალვის კადრები. ასევე, მძიმე იყო ჩემთვის, პირდაპირ გეტყვით, თუნდაც იმ კადრების გაშვება, რაც ბრიფინგებზე მოგვიწია და იძულებულნი გავხდით, მერწმუნეთ, არანაირი სურვილი არ გვქონდა არც მე, და არც ჩვენ თანამშრომლებს - მოადგილეებს და ხელმძღვანელ პირებს, რომ ეს გაგვეშვა და ენახათ მის ოჯახის წევრებს, მის დედას და მის შვილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოგვიწია. იქიდან გამომდინარე მოგვიწია, რომ საზოგადოება ითხოვდა ინფორმაციის გაჟღერებას, თუ რა მოხდა, რა მოუვიდა ამ ადამიანს, ბევრი მოქალაქე გვთხოვდა პასუხს, ძალიან აიწია ტემპერატურამ და იძულებულნი გავხდით. რაც გვქონდა ჩვენ სწრაფად, რაც ვიმუშავეთ, მთელი გუნდი ჩართული იყო და იძულებულები გავხდით, ეს ინფორმაცია მიგვეწოდებინა ხალხისთვის".

მინისტრმა ლექსო ლაშქარავას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, რომლებმაც ჟურნალისტებზე იძალადა. 

"პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო ამ ეთერით და კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარება გამოვხატო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე. ძალიან მძიმე ფაქტი იყო, ძალიან ცუდია, რაც მოხდა და კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს. რაც შეეხება კითხვებს - ჩვენც ზუსტად მანდ ვართ, რომ უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ჟურნალისტებზე იძალადა. ჩვენც  იმავეს მოვითხოვთ და იმავეს ვაკეთებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ზუსტად, გამოძიებიდან გამომდინარე, რომ არავინ დარჩეს დაუსჯელი, ვინც იძალადა ჟურნალისტებზე", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 5 ივლისის საქმეზე უკვე დაკავებულია 27 პირი და სამართალდამცველები ამ მიმართულებით კიდევ აგრძელებენ მუშაობას.

"დღეს უკვე 27 პირია დაკავებული, ხვალ რამდენი იქნება ამას ვერ ვიტყვი ზუსტად, ვმუშაობთ ამაზე. თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა, აქ არიან პიროვნებები, რომლებიც, მაგალითად, ერთი ადამიანი ოთხ ეპიზოდში მონაწილეობდა, მეორე – სამ ეპიზოდში. ანუ, ის, რომ ამოვწურეთ თემა, მაგას არ ვამბობ. ჩვენ ვმუშაობთ და ძალიან გვიჭირს, რამდენიმე ჟურნალისტი არ მობრძანდა გამოკითხვაზე, რომ მოეწოდებინა ინფორმაცია და თქვენი ეთერიდან ვთხოვდი, იქნებ მობრძანდნენ და მოგვცენ ჩვენებები, თუ აქვთ კიდევ ვიდეოფაილები. ასობით ვიდეოფაილის გადამოწმება მოუხდათ ჩვენს გამომძიებლებს და დღესაც მუშაობენ ამ მიმართულებით და თუ აქვთ რაიმე ახალი თემები, იქნებ მოგვაწოდონ, ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში