მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში - ირაკლი ღარიბაშვილი

23 ივლისი 2021, 11:36 812 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურისა და რეგიონების განვითარებაში.

ირაკლი ღარიბაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას ესწრება.

პრემიერი თქმით, გამოწვევად რჩება როგორც საქალაქთაშორისო, ისე შიდა გზების შენახვა- რეაბილიტაცია- აღდგენა, ასევე ცენტრალური მაგისტრალების მშენებლობის დასრულება.

„ვაგრძელებთ განვითარების გეგმების პრეზენტაციას. დღეს წარმოგიდგენთ ინფრასტრუქტურის და რეგიონების 10 წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციას. მე მინდა მოკლედ შევეხო კიდევ ერთხელ, თუ რას გულისხმობს ჩვენი ეს აღნიშნული გეგმები. ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურის განვითარებაში, ასევე რეგიონების განვითარებაში. მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება ქვეყანაში. ეს არის გზების, ხიდების მშენებლობა.

ზოგადად, ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. 63-ვე მუნიციპალიტეტში დაიწყება ურბანული განახლების პროექტი, რაც გულისხმობს რეალურად ევროპული განვითარების, ევროპული სულისკვეთების შეტანას ყველა მუნიციპალიტეტში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ გამოწვევები რჩება დღეს ჩვენს ქვეყანაში. თითქმის 3000-მდე სოფელს არ აქვს ხარისხიანი წყალი.

ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და მთავარი აქცენტი სწორედ რეგიონების განვითარებაზე და განახლებაზე იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. 32 მილიარდი ლარი, როგორც მოგეხსენებათ, მოხმარდება რეგიონების განვითარებას, ინფრასტრუქტურას, გზებს, ხიდებს, წყალს იმისთვის, რომ რეალურად ყველა მუნიციპალიტეტში შეიცვალოს მთლიანი სურათი, მთელი ქვეყნის მასშტაბით და რეალურად, ეს უნდა იყოს ევროპეიზაციის, განახლების, მოდერნიზაციის გეგმა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში