მეკითხებოდნენ ვირუსი რა ღამით დადისო? ხომ გამოჩნდა, რომ თურმე დადიოდა, შეზღუდვების დროს ასეთი გავრცელება არ იყო - იმნაძე

23 ივლისი 2021, 15:43 2483 ნახვა

შეზღუდვებს აზრი ჰქონდა მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლო საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა თავდაცვის ალტერნატიული გზები. დღეს, ალტერნატიული გზა, პირველ რიგში, არის ვაქცინა და შემდგომ არსებული რეგულაციების დაცვა - ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად წარიმართოს.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ შეზღუდვებმა თავისი ეფექტი აჩვენა.

„შეზღუდვებმა თავისი ეფექტურობა აჩვენა. მე ისიც მახსოვს, აქ რომ მეკითხებოდნენ - ვირუსი რა, ღამე დადის?! ხომ გამოჩნდა ღამე დადიოდა თურმე, იმიტომ, რომ სანამ შეზღუდვები არსებობდა, ვირუსი ასე არ იყო, ხომ?! აქედან გამომდინარე, ამ შეზღუდვებს აზრი ჰქონდა მაშინ, როცა ჩვენ არ შეგვეძლოო საზოგადოებისათვის შეგვეთავაზებინა, თავდაცვის ალტერნატიული გზები.

დღეს ალტერნატიული გზა პირველ რიგში არის ვაქცინა და შემდგომ არსებული რეგულაციები. ვაქცინაცია და არსებული რეგულაციების დაცვა ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შეზღუდვები აღარ დავაწესოთ. ამიტომ დღეს მთავარი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი რაც შეიძლება დროულად აიცრას. რეგულაციების დაცვა, როგორიც არის თუნდაც დახურულ სივრცეში პირბადის ტარება, რომელიც არის ყველაზე ეფექტური, უნდა გავაგრძელოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში