ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის რეანიმაციაში ორი კოვიდინფიცირებული ჩვილია მოთავსებული

27 ივლისი 2021, 14:51 1261 ნახვა

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის კოვიდ განყოფილება გადატვირთულია, ბოლო დღეებში მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზარდა. 

ამ ეტაპზე, კლინიკაში 69 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი მოთავსებულია კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათ შორის ორი ჩვილია და ისინი მკურნალობას რეანიმაციაში გადიან. 

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

''რაც შეეხება დარჩენილ 66 პაციენტს, ესაა დედა-ბავშვი ერთად, რომელიც პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობენ. გვაქვს შემთხვევები როცა ზოგჯერ ერთ საწოლზე დედა და ბავშვიცაა მოთავსებული, მაგრამ ვახერხებთ ბრუნვა გვქონდეს, პაციენტების მიღება რომ არ შეფერხდეს. ამ ეტაპზე თავისუფალი საწოლები გვაქვს რეანიმაციაში. პედიატრიულ განყოფილებაში მიმდინარეობს ბავშვების გაწერა და მათ ნაცვლად სხვა პაციენტებს მივიღებთ'' - აცხადებს კლინიკის დირექტორი.

თამარ ბახტაძე ამბობს, რომ გაზრდილია სეზონური ვირუსის ინფექციების შემთხვევებიც.

მოქალაქეები მაუწყებელთან საუბრისას ამბობენ, რომ პირველადი სამედიცინო დახმარების მიღება დერეფნებშიც უწევთ. საუბარია არაკოვიდინფიცირებულ მოზარდებზე. 

ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევაც ყოფილა, თუმცა მაღალ მომართვიანობას თავს ართმევენ. 

დღეს აჭარაში, კორონავირუსის 378 შემთხვევა გამოვლინდა. 

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში