ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდში

27 ივლისი 2021, 14:58 1284 ნახვა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში. წყლის საწრეტი არხის არარსებობის გამო, მთლიანად დატბორილია ეზოები, სავარგულები და ბაღები. მოსახლეობა აცხადებს, რომ საკითხი 10 წელია მოუგვარებელია. ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ლენტეხი - ლასდილის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩოლურის მონაკვეთი, რის გამოც მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა. პრობლემები იყო ასევე ხობის მუნიციპალიტეტში. ხეთასა და პირველ მაისში დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები, ცენტრალური გზა რამდენიმე წუთით დაკეტილი იყო.

ამჟამად ხობში პრობლემები აღმოფხვრილია. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, სტიქიური მოვლენების განვითარების შედეგად, ქუთაისი -წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ადიდებულმა მდინარემ დააზიანა ხიდი და საავტომობილო გზა. ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში