როგორ შეუძლიათ მიიღონ ვაქცინირებულმა პირებმა საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობა - სამინისტროს განმარტება 

28 ივლისი 2021, 17:06 701 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინირებული პირებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობისთვის საჭირო ცნობას მისაღებად ინსტრუქციას აქვეყნებს.

ვაქცინირებულ პირებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

''პროვაიდერი დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ამავე დაწესებულების ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

ვაქცინირებული პირის პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი;

ვაქცინის დეტალები: დოზა, მწარმოებელი, თარიღი;

სამედიცინო დაწესებულების დასახელება;

ინფორმაცია ჩატარებული COVID-19 ტესტირების შედეგებისა და კვლევის განმახორციელებელი ლაბორატორიის თაობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში)'' - წერია ინფორმაციაში.

იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების გარდა, ვაქცინირებულ პირს შეუძლია ცნობა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის თაობაზე მოითხოვოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში, რომელიც ასევე ადასტურებს დოკუმენტს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.

მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა შესაძლებელია დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არ ინახება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ ამ დაწესებულებებიდან სათანადო ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნის მიღების შემდეგ.

იმ შემთხვევაში, როცა ვერ ხერხდება სამედიცინო დაწესებულებებიდან ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუშების სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში გადაგზავნა, შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და მათ მიერ გაცემული ცნობა წარადგინოთ სერვისების განვითარების სააგენტოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში