აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 9 ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს

29 ივლისი 2021, 14:44 1031 ნახვა

აჭარის მთავრობა ხანძრითა და სტიქიით დაზარალებულ 9 ოჯახს ფინანსურ დახმარებას გაუწევს.

საკითხი მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს.  სხდომას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომისიის წევრებმა სხდომაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული რვა, ხოლო სტიქიის შედეგდ დაზარალებული ერთი ოჯახის დახმარების საკითხი განიხილეს.

სამთავრობო კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ცხრავე ოჯახს გაეწევა, რისთვისაც 100 962 ლარი გამოიყოფა.

„შერეული სამთავრობო კომისიის მორიგ სხდომაზე სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული 9 ოჯახის დახმარების საკითხი განვიხილეთ. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში მთავრობის თავმჯდომარეს წარვუდგნეთ, რომლის შემდგომ ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევა ქ, ბათუმში მცხოვრებ 3, ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 4, ხოლო შუახევისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ თითო დაზარალებულ ოჯახებს. კომპენსაცია ითვალისწინებს დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას“, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

2021 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 272 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია ორ მილიონ ლარამდე.

2020 წელს აღნიშნული მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან 1411 ოჯახს გამოეყო 2 729 814 ლარი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში