პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებთან ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფად წარმართვისთვის საჭირო ღონისძიებები განიხილა

29 ივლისი 2021, 17:08 1232 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და იმუნიზაციის პროცესზე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ მექანიზმზე.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ვაქცინაციის კიდევ უფრო სწრაფი ტემპით წარმართვისთვის დამატებითი სივრცეებისა და ამცრელი ბრიგადების მობილიზების აუცილებლობას და ამ პროცესში კლინიკების მხარდაჭერის მნიშვნელოვან როლს.

"შეხვედრისას, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო დამატებითი საწოლფონდის გამოყოფის კუთხით კლინიკებში არსებული რესურსები. ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ ვითარებაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ჯანდაცვის სექტორის მჭიდრო კოორდინაცია და ხელისუფლება მზადაა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი კლინიკებს, რათა ეპიდემიოლოგიური ვითარების მართვა ეფექტურად გაგრძელდეს"-აცხადებენ მთავრობაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში