სალიბაურში ავტობანთან პოლიციამ კარვები აიღო

02 აგვისტო 2021, 10:42 1657 ნახვა

სალიბაურში სამართალდამცავებმა მოსახლეობის მიერ გაშლილი კარვები დილის 6 საათზე აიღეს.  მოქალაქეები უკვე რამდენიმე თვეა შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ,  მშენებლობის შედეგად მიღებული ზიანის კომპენსაციას და გასახლებას ითხოვენ. აცხადებენ, რომ სახლებს ბზარები გაუჩნდა და იქ ცხოვრება საფრთხის შემცველია.

''ორი თვის განმავლობაში ხიდთან ვზივართ და ვერ დავადგინეთ ავტობანთან რამდენ მეტრში შეიძლება სახლი გქონდეს და იცხოვრო. გაუსაძლისი მდგომარეობაა, მტვერი, ხმაური. დილით 6 საათზე იწყებენ მუშაობას და ღამის 12 საათზე ასრულებენ. გვეუბნებიან, რომ ავტობანიდან 25მეტრშია  დასაშვები ცხოვრება, ჩვენი სახლები 23 მეტრშია. კომპეტენტური პირები ხომ არსებობენ ეს რომ შეამოწმონ. 

დღეს დილით 6 საათზე მოვიდა პოლიცია. წინააღმდეგობა არავისთვის გაგვიწევია, აიღეს კარვები და წავიდნენ. ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, უნდა დაგვეხმარონ. არ ვამუშავებთ დავდგებით ტრაქტორის წინ სანამ ჩვენი საქმე არ გადაწყდება'' - აცხადებენ მოქალაქეები. 

სალიბაურში იმყოფება უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე. მისი თქმით, მოქალაქეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვს, რომლის დაკმაყოფილებასაც ითხოვენ. 

"უნდობლობაა მოსახლეობას, კომპანიასა და საგზაო დეპარტამენტს შორის. ეს ხალხი დადის, აგზავნის წერილებს უკვე წლებია, თუმცა უშედეგოდ. ახლა საქმე იქამდე მივიდა, თითქოს ეს ხალხი წინააღმდეგია ამ მნიშვნელოვანი პროექტის, არავინ არაა ბატონო წინააღმდეგი, მაგრამ რომელიმე პროექტი ღირს ხალხის ჯანმრთელობის ფასად? ყოველ დღე ამ ადამიანებმა შიშის ქვეშ როგორ უნდა იცხოვროს. 

ჩვენ ასეთი წინადადება შევთავაზეთ, სანამ სპეციალური ხელსაწყოები არ დამონტაჟდება, რომლებიც დააფიქსირებს ბზარებს, ქანებს რაც არის საჭირო, სანამ საგზაო დეპარტამენტი არ აიღებს პასუხისმგებლობას თითოეულ ოჯახთან, რომ ისინი ვალდებულნი იქნებიან აანაზღაურონ თითოეულ ოჯახზე მიყენებული ზარალი, პროტესტი გაგრძელდება და სამუშაოები არ განხორციელდება.

დღეს კარვები აიღს, მოსულიყვნენ დაგვლაპარაკებოდნენ. ძალის დემოსტრირებას არ ვურჩევ არავის, რადგან ხალხზე ძლიერი ძალა ამ ქვეყნად არ არსებობს"- აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

სალიბაურში ამ წუთებში პოლიციელები და საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში