წამლებზე ფასი 300-400%-ით გაზრდილია - პრემიერი 

02 აგვისტო 2021, 11:49 1016 ნახვა

''არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია'' - განაცხადა პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტოს მონიტორინგის შედეგები ცნობილი მალე გახდება. 

''კიდევ ერთი საკითხი, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს, არის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული სიტუაცია და წამლების ფასები. წამლის ფასი ძალიან გაზრდილია ქვეყანაში. ყველა სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ამის თაობაზე ყველა არის უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებული. მე მქონდა არაერთი საუბარი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ანგარიშზე და მონიტორინგის შუალედური ანგარიში წარმოდგენილი იქნება რამდენიმე დღეში.

ასევე ჯანდაცვის მინისტრს დავავალო, რომ მასთან მჭიდრო კოორდინაციაში იყოს და დროულად წარმოუდგინონ საზოგადოებას არსებული ვითარების ანალიზი, რომ შემდეგ გამოსავლის გზები დავსახოთ.

არ მინდა წინასწარ დასკვნები გავაკეთო, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგიერთ წამალზე 300 და 400%-იანი ფასნამატი არის დადებული კომპანიების მხრიდან, რაც აბსოლუტურად მიუღებელია, არც ერთ ქვეყანაში არ ხდება მსგავსი რამ. ჩვენ ეს კარგად უნდა შევისწავლოთ და მივიღოთ შესაბამისი გადაწყვეტილებები უმოკლეს დროში, ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება'' - განაცხადა პრემიერმა. 

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს, რომ აღნიშნული საკითხი შეისწავლოს და მოსახლეობისთვის სასიკეთო ცვლილება დაიწყოს.

„აბსოლუტურად გვესმის მოსახლეობის უკმაყოფილება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, უსაფუძვლო გაძვირებითაა გამოწვეული. თქვენ ხედავთ, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა, რომლის გაუფასურებაც, თავის დროზე, შეიძლება, ყოფილიყო იმპორტული საქონლის გაძვირების საფუძველი, დღეს თავისი სტაბილური დინამიკით გვახარებს.

ლარი არსებითად არის გამყარებული. ამიტომ, ამ მიზეზს მედიკამენტების იმპორტიორები ვერ გამოიყენებენ. გავერკვევით, რაშია საქმე და საკითხი ისე გადაწყდება, როგორც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში