ლიტერატურული კონკურსი „ლიტერა“ წელს აღარ ჩატარდება

02 აგვისტო 2021, 15:51 1279 ნახვა

მწერალთა სახლი ლიტერატურული კონკურს „ლიტერას“ წელს აღარ ჩაატარებს. ამასთან დაკავშირებით  სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ საკონკურსოდ წარდგენილი 110 წიგნიდან 92 წიგნი მოხსნილია, რაც კონკურსის ჩატარებას შეუძლებელს ხდის.

''წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, შეიცვალა ჟიურის დაკომპლექტების წესი: სამინისტროს მიერ დაფინანსებული ნებისმიერი კონკურსის  ჟიურის შემადგენლობაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა იყოს. შესაბამისად, „ლიტერას“ ჟიურიში, რომლის ხუთივე წევრსაც აქამდე მწერალთა სახლი ირჩევდა და სამინისტროს წარუდგენდა შესათანხმებლად, წელს პირველად ერთი წევრი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეარჩია.

მწერალთა სახლი ბრძანების გაცნობისთანავე ეცადა სამინისტროსთან დიალოგსა და კომუნიკაციას განხორციელებული ცვლილების გადახედვის თაობაზე, რასაც სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მწერალთა სახლმა, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ჟიურის შემადგენლობა გაასაჯაროვა.  

ჟიურის დაკომპლექტების წესის ცვლილებას ლიტერატორთა პროტესტი მოჰყვა. საზოგადოებამ სამინისტროს გადაწყვეტილება შემოქმედებით საქმიანობაში ჩარევად შეაფასა. შესაბამისად, მწერლებისა და გამომცემლების დიდმა ნაწილმა უარი თქვა კონკურსში მონაწილეობაზე და უკან გაითხოვა საკონკურსოდ წარმოდგენილი განაცხადები. მუშაობაზე უარი თქვა   მწერალთა სახლის მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. 

არსებულ ვითარებაში შეუძლებელი ხდება წლევანდელი ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჩატარება'' - წერია განცხადებაში. 

ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს მწერალთა სახლის ინიცირებითა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაარსდა. პრემია ყოველწლიურია და 6 ნომინაციაში გაიცემა

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში